მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული. ეროვნული პარკი ბათუმიდან 25, ხოლო ქობულეთიდან – 27 კილომეტრში მდებარეობს. ადმინისტრაციული შენობა დაბა ჩაქვში, ხოლო ვიზიტორთა ცენტრი – სოფელ ჩაქვისთავში მდებარეობს (ჩაქვიდან 15 კმ-ში) .
მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორებს მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს სთავაზობს. პარკში მოწყობილია ზიპ-ლაინი, სადაც ექსტრემის მოყვარულებს ხეებზე გაბმულ ბაგირზე დასრიალება შეუძლიათ.
ასევე, პარკში მოწყობილია „თოკების პარკი“, რომელიც წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე. მოწყობილია 2 ზონა – საოჯახო და მოზრდილებისთვის.
მტირალას ეროვნული პარკში მოწყობილია ერთი და ორდღიანი ტურისტული მარშრუტები. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად, ასევე ორდღიანი ცივწყაროს ბილიკის მე-9 კმ-ზე არის ტურისტული თავშესაფარი. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკოტურებს სთავაზობს.